მიდი ქექე ..

среда, 23 марта 2011 г.

ლტოლვილი მუზები

ჩემი ოთახის კედლებზე ცისარტყელები დალივლივებენ. ნაცრისფერ სივრცეში მილიონობით ფერი იღვრება. ჟოლოსფერი სითბო ტრიალებს ჩემს გარშემო.
   სამზარეულოში ჩაიდანი სტვენს, დუღს.. თითქოს გაფრენას აპირებს სადღაც შორს. ჩაის დალევის დროა. მთელ სახლში ლიმონი მხოლოდ რვეულის ყდაზეა, ისიც საჭმელად კი არა , ისე უბრალოდ სილამაზისთვის. მზის ბაჭიები დახტიან ყველგან.. მარჯვნივ და მარცხნივ, იატაკზე და ჭერზე, კედლებზე დიდი ხნის გასაწმენდ ჭაღზე... მოიისფრო პეპლები დაფარფატებენ, გვირილები ცეკვავენ ტანგოს.. კლავიშებ ჩაცვენილი თეთრი როიალი თავისით უკრავს, დიდი თეთრი სათამაშო დათუნიები "ზილინა–ზილინას" თამაშობენ, კეტები ერთმანეთს თასმებით ეფერებიან , ფერადი კამფეტის დრაჟეები სახლის ერთი კუთხიდან მეორე კუთხისაკენ ასკინკილით  მირბიან. კალმებს ფანქრებისგან დაშნები გამოუთლიათ და ერთმანეთს დუელში იწვევენ, ლამაზი ვარდისფერი ფურცლის გულის მოსაგებად.
   დღეს ჩემ ტვინში, უჯრედთძვრა იყო, რამაც ადგილობრივი მუზები დააფრთხო და ისინი ლტოლვილი მუზების სტატუსით , დროებით იმყოფებიან ჩემს სახლში, ვიმედოვნებ რომ მალე ისინი დალაგდებიან , იქცევიან სიტყვებად, სტრიქონებად, სტროფებად, სიყვარულად დარდებად თუ ოცნებებად .. ჯერ კი ისევ ირევიან ქაოსურად მოძრაობენ და მიხარია რომ ამ ფერთა თბილი კასკადა ჩემი შთაგონების წყაროა, მიხარია რომ ყოველივე ეს მე მეკუთვნის..  ვსვამ ჩაის.. თურქულად ფერხთმორთხმული  ვზივარ სავარძელში, ბედნიერი ღიმილით ვუყურებ ჩემი შექმნილი არსებების პორტრეტებს. ყველა ფანჯარა დახურულია. ვიცი რომ არსად გაფრინდებიან, თუნდაც არავინ არ მყავდეს გვერდით – არასდროს ვიქნები მარტო.სანამ არსებობს, გრძნობა და სიტყვა მეც ვიარსებებ პარალელურად. ბედნიერი ვარ! – გაზაფხულია